რაჭა

 რაჭა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭაში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა.
 აქ ვაზის 60-მდე ადგილობრივი ჯიში გამოუყვანიათ. ყველაზე განთქმული ხვანჭკარის ღვინოა, რომლის ყურძენიც მხოლოდ სოფელ ხვანჭკარის ნაყოფიერ მიწებზე იზრდება. მხოლოდ ხვანჭკარაში დაწურულ ღვინოს აქვს ხვანჭკარისათვის დამახასიათებელი არომატი და გემო. 

კურორტები:

  • უწერა: ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთის ჰავის გარდა, მნიშვნელოვანია სამკურნალო-მინერალური წყალი “უწერა”. სწორედ მინერალურ წყლის მეშვეობით გახდა უწერა ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი. სოფელში შემოინახა ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც “სიონად” მოიხსენება, წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია და სოფლის მახლობლად მდებარე ციხისა და სამი ეკლესიის ნანგრევები. უწერას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს არაჩვეულებრივი პეიზაჟები და მარადმწვანე ტყეები. განსაკუთრებით საინტერესოა უწერის რვაასწლიანი ურთხელის ხეების უნიკალური ხეივანი.
  • შოვი: რაჭის ულამაზესი და მნიშვნელოვანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მთის ჰავა, განუმეორებელი ბუნება და მინერალური წყლები დასვენების საუკეთესო საშუალებაა. დასახლება მამისონის უღელტეხილის ძირას მდებარეობს. გარშემორტყმულია მყინვარებითა და თოვლიანი მწვერვალებით.
  • ღები: ზღვის დონიდან 1350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში აღმართულია მთავარანგელოზის ეკლესია, აქვე შუა საუკუნეებით დათარიღებული რამდენიმე ძეგლი მდებარეობს. სოფელი და მისი შემოგარენი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რაც არქეოლოგიური გათხრების შედეგებითაც დასტურდება.
  • ჭიორა: მაღალმთიანი რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე 1360 მეტრის სიმარლეზე მდებარეობს. სოფელი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნუიდან მოიხსენიება. შუა საუკუნეებში იგი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული და მრავალი თავდაცვითი ნაგებობაც ჰქონია. დღეს მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი კოშკი და ორი მცირე ზომის ეკლესია შემორჩა.
  • შაორის წყალსაცავი: საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში მდებარეობს. იგი განლაგებულია კავკასიონის დათოვლილი მთებით გარშემორტყმულ ტყიან უბეში. შაორის გარშემო განლაგებულია რაჭის უძველესი სოფლები.  შაორი გამორჩეულია მდიდარი ფლორითა და ფაუნით, მდინარეებით, ჩანჩქერებით, უღრანი ტყეებით, კასტრული მღვიმეებითა და სამკურნალო წყლებით. შაორი, მისი უნიკალური კლიმატის გამო შესანიშნავი ზაფხულის კურორტია. ზომიერად ცხელი ზაფხული, იდეალურად სუფთა ჰაერი და თავად შაორის ტბა.