მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა. აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 და 5000 მ-ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობები, იქ ჩაკარგული ტბები და ალპური ველ-მინდვრები. საოცრად ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი.  

 

მცხეთა  საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ამჟამად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ეს ულამაზესი, ისტორიული ძეგლებით გაჯერებული, პატარა დასახლება  შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი-მუზეუმი. ცხადია, რომ მცხეთა, როგორც კულტურული ტურიზმის ცენტრი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.

კურორტი:

  • გუდაური ცნობილი სამთო-სათხილამურო ცენტრი გუდაური მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, თბილისიდან 120 კმ. დაშორებით.მცირეთოვლობის დროსაც კი გუდაურში გარანტირებულია თოვლის მდგრადი საფარი ნოემბრიდან მაისამდე. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისთვის მაინც დამახასიათებელია თბილი, მზიანი და წყნარი ამინდები. გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველაკატეგორიის მოთხილამურეს. სასრიალო ბილიკების დახრილობა უდიდეს სიამოვნებას იწვევს როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისათვის. პროფესიონალ მოთხილამურეთათვის გუდაურის ფერდობებს გააჩნია ოთხივე სპორტული სასრიალო ბილიკი: სლალომი, სლალომი-გიგანტი, სუპერ გიგანტი და ჩქაროსნული დაშვება. ყველა სასრიალო ბილიკი დამტკიცებულია FIS-ის მიერ. გუდაური უაღრესად მიმზიდველია ზაფხულშიც. იგი დამსვენებლებს შემდეგი ტიპის ტურიზმის სახეობებს სთავაზობს: ლაშქრობა თრუსოსა და ხადასხეობებში, ცხენით გასეირნება, ფრინველებზე დაკვირვება, წყალჯომარდობა მდინარე არაგვზე. გუდაურში ფუნქციონირებს მრავალი სასტუმრო და სასტუმრო სახლი.