სვანეთი

სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

 

სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით.კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია. სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა ხის კიბეებით. კოშკები გადახურულია ორფერდა სახურავებით და ყველა მათგანს რამდენიმე ვიწრო ფანჯარა აქვს გამოჭრილი. კოშკებს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, ზოგჯერ კი ფიქალსაც იყენებდნენ. სვანური ციხე-სახლი საჭიროების შემთხვევაში თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. კოშკისაგან განსხვავებით, ციხე-სახლი უფრო დაბალია და შედგება 3 სართულისაგან. პირველი სართული ადამიანთა საცხოვრებლად ან საქონლის სადგომად გამოიყენებოდა, მეორე სართული – სამეურნეო დანიშნულებისთვის, თუმცა წელიწადის თბილ თვეებში საცხოვრებლადაც იყენებდნენ. ამჟამად კოშკების დიდი უმრავლესობა უფუნქციოა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ოჯახებს, რომლებიც ზამთრის სანოვაგის შესანახად იყენებენ მაღალ სართულებს. სვანეთში კოშკები გარემოსთანაა შერწყმული, რაც უძველეს მშენებელთა გამოცდილებასა და მათ დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს. სვანეთის კოშკები და ეკლესიები, “იუნესკო”-ს მიერ არის დაცული.

მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. მესტია მდებარეობს ქვაბულში, ენგურის აუზში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მესტია უბნებად არის დაყოფილი: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი და ლაღამი.

სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები. მუზეუმში აგრეთვე წარმოდგენილია: XI ს-ის ჭედურობის “მემფიანთა სკოლის” ნიმუშები; XIII ს-ის ჭედურობის “თომანიანთა სკოლის” ნიმუშები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა - საგვარეულო ნივთები. XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტოექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.